ახალციხის საკრებულოს დეპუტატის ტიგრან მელქონიანის თქმით, ქალაქის და თემის გაყოფამდე, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ქალაქს ხმარდებოდა, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისშივე, თანხა თანაბრად განაწილდეს.ამის შესახებ ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა 30 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
„ადრე, როცა ქალაქი და თემი ერთად იყო, მარტო ქალაქში კეთდებოდა ყველაფერი, სოფლებში არა. ახლაც ყველა სოფლის დეპუტატი გაჩუმებულია და ამაზე არ ლაპარაკობს. ასე არ შეიძლება, რისთვის იღებთ ხელფასს?! მითხარით რა კეთდება წელს სოფლებში, წლის ბოლოს თუ ვიკითხავ ამით საქმეს არ ეშველება! ჩემს სოფელში [ნაოხრები] რა კეთდება?!“, – მიმართა შეკითხვით მელქონიანმა საკრებულოს თავმჯდომარეს გელა ნოზაძეს.
ნოზაძის თქმით, გზების მოასფალტება რამდენიმე სოფელში უკვე მიმდინარეობს: „გზა კეთდება სვირში, ზიკილიაში, ფერსასა და მუგარეთში, ამას რატომ ვერ ხედავ?! აუციულებელია, რომ შენ სოფელში კეთდებოდეს?! გარდა ამისა ქალაქის და თემის გაყოფამდე გაწრილი იყო მრავალწლიანი გეგმა და იმ გეგმას მივყვებით“.
ნოზაძე ამბობს, რომ წლის დასაწყისში პრიორიტეტი თვითმმართველობისთვის მაინც ქალაქის ინფრასტრუქტურაა. მელქონიანის პრეტენზიას უსაფუძვლო უწოდა, მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გელა ლომიძემ. მისი თქმით, გასულ წელს, [როცა თემი და ქალაქი გაყოფილი იყო], ქალაქშიც და სოფელშიც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხა თანაბრად განაწილდა და დაახლოებით, 65%–65% დაიხარჯა.
ლომიძის თქმით, ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 22 500 000 ლარია. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ თანხა, როგორც სოფლებზე, ასევე, ქალაქზე თანაბრად ნაწილდება.