ზუგდიდელი მოსწავლეები ქალაქში კინოთეატრის გახსნაზე მუშაობენ

1040

ზუგდიდელი მოსწავლეების ინიციატივაა, რომ ქალაქს კინოთეატრი ჰქონდეს. ამ მიზნით, მოსწავლეებმა ბაზრის კვლევა დაიწყეს. სჭირდება თუ არა მოსახლეობას, სხვადასხვა ასაკის, ინტერესების ადამიანებს გართობა-განტვირთვის ეს შესაძლებლობა, რომელ ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას, რამდენს გადაიხდიდნენ ფილმის სანახავად, რომელ ენაზე ისურვებდნენ გახმოვანებას, თვეში რამდენჯერ მივლენ კინოთეატრში – ეს იმ შეკითვების ნაწილია, რომლითაც ახალგაზრდები კვლევას აკეთებენ. საკვლევი კითხვარი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ბაზაზე ახლადდაფუძნებულმა ახალგაზრდა მეწარმეთა კლუბმა შეადგინა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

კლუბში მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასელი 20 მოსწავლეა. ისინი ზუგდიდის მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე საჯარო სკოლებს წარმოადგენენ. მათ ტრენინგ-კურსებს ორგანიზაციაში დროებით მომუშავე „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე მარკ დემიკი უტარებს. ტრენინგები USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ტარდება, მათი ხანგრძლივობა 16 კვირაა.

ამ დროისთვის ელექტრონული კითხვარი 140-მდე მოქალაქემ შეავსო.

წლებია ზუგდიდში ერთადერთი კინოთეატრი “ატრიუმი” დაიხურა. მანამდე, 2012 წლის გაზაფხულზე 300 ადამიანზე გათვლილი დარბაზი 150 ადგილამდე შემცირდა, უკვე 2015 წლიდან კი აქ ფილმებს მაყურებელთა სიმცირის მიზეზით არ უჩვენებდნენ.