ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რაიონული სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობამ გათავისუფლებული თანამშრომლები ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი სამსახურში უნდა დააბრუნოს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი, სააპელაციო სასამართლოში მარტში გაასაჩივრა, თუმცა წარმოებაში მიღების თაობაზე პასუხი ახლა მიიღო. როდის ჩაინიშნება პირველი სხდომა, მხარეებისთვის ჯერ უცნობია.
თებერვლის შუა რიცხვებში ახალციხის სასამართომ მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ მაშინ განმარტა, რომ ყოფილი თანამშრომლების მიმართ გათავისუფლების აქტი არ გამოცემულა და ამასთან ერთად, სხვა დარღვევებიც იყო, ამიტომ, ისინი თავიანთ პოზიციებზე უნდა დაინიშნონ და სახელფასო განაცდური, გასული წლის პირველი დეკემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, უნდა აუნაზღაურდეთ.
ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, მერიაში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.