ახალციხის საკრებულოს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოუგეს

1008

წინა სტატია

გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გია ბერაიამ განაჩენი დღეს გამოიტანა. მოსამართლის განმარტებით, ყოფილი თანამშრომლების მიმართ გათავისუფლების აქტი არ გამოცემულა და ამასთან ერთად, სხვა დარღვევებიც იყო, ამიტომ, ისინი თავიანთ პოზიციებზე უნდა დაინიშნონ და სახელფასო განაცდური, გასული წლის პირველი დეკემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, უნდა აუნაზღაურდეთ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„მიუხედვად იმისა, რომ თემი და ქალაქი გაერთიანდა, მათი შტატები არ შემცირებულა და იგივე დარჩა. ამიტომ, ამ შემთხვევაში მობილობა არ უნდა განხორციელებულიყო და ეს პიროვნებები თავიანთ პოზიციებზე უნდა დანიშნულიყვნენ“, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს არ დაუკმაყოფილდა სარჩელის ის ნაწილი, რომელიც საახალწლო პრემიების ანაზღაურებას ეხებოდა: „რადგან, სავალდებულო არ არის პრემიები ყველა თანამშრომელზე გაიცეს, თუნდაც მოქმედი იყოს“.

მოსარჩელე მხარე სარჩელის ამ ნაწილის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ამ საქმისთვის ახალციხის საკრებულოს შტატიანი იურისტის გარდა, კერძო ადვოკატიც იცავდა. ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ამბობენ, რომ პროცესის მოგებას ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და იძულებთ განაცდურის ანაზღაურება იყო. მათ სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 29 დეკემბერს შეიტანეს.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, მერიაში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.