იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის” (GGI) ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ოფისში, თემაზე – „ღია მმართველობა – მიღწევები და გამოწვევები“, საჯარო დისკუსია გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ,,ღია მმართველობა-საქართველოს’’რიგით მეოთხე, 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს, რომელსაც მთავრობა მიმდინარე წლის ივლისში, გლობალურ სამიტზე წარადგენს.
დოკუმენტის შემუშავების პროცესი სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციების გზით მიმდინარეობს.
ასევე, შეხვედრაზე, საჯარო დისკუსიის ორგანიზატორებმა ქვეყნის ღია მმართველობის დღის წესრიგითან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადაოების მოსაზრებები მოისმინეს და ღია მმართველობის მიმართულებით, საქართველოს მიღწევებზეც ისაუბრეს.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საერთაშორისო ინიციატივა – ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership – OGP) შეუერთდა.
2014 წელს საქართველო პარტნიორობის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2016 წელს – პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნად აირჩიეს.
როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო 2018 წლის 17-19 ივლისს, ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლებს. ღონისძიებას 75-მდე ქვეყნის 2000 წარმომადგენელი, მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგნელები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.