თბილისი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს 17-19 ივლისს უმასპინძლებს

925

წინა სტატია

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია droa.ge-ს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2017 წლის სექტემბერში გახდა და გლობალურ სამიტსაც თავმდომარე ქვეყნის რანგში უმასპინძლებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოსაწვევები უკვე გაეგზავნათ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი 75 ქვეყნის პრეზიდენტებს, პრემიერებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, მერებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. გლობალურ სამიტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად მოწვევა გაეგზავნათ, ასევე, არაწევრ ქვეყნებსაც. როგორც უწყებაში განმარტეს, სამიტზე 2 ათასამდე სტუმარს ელოდებიან.

არის თუ არა განსაზღვრული უკვე დღის წესრიგი, რაზეც გლობალურ სამიტზე ყურადღება გამახვილდება, ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ დღის წესრიგის სამუშაო ვერსია უკვე შედგენილია და, ძირითადად, ყურადღება იმ ოთხ მიმართულებაზე გამახვილდება, რაც საქართველომ პრიორიტეტად დაისახა. ეს მიმართულებებია: თანამშრომლობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა; გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა; საჯარო მომსახურების მიწოდებაში ინოვაციების ხელშეწყობა და OGP-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გააქტიურება.

droa.ge-ს კითხვაზე, გლობალური სამიტის საორგანიზაციო საკითხებში არიან თუ არა ჩართული OGP-ის თემაზე მომუშავე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, რომ საორგანიზაციო საკითხებს ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, სრულად იუსტიციის სამინისტრო აგვარებს. „თუმცა, იმ საკითხების ნაწილში, რომელიც სამოქალაქო სექტორს ეხება, წამყვან როლს არასამთავრობო ორგანიზაციები აიღებენ“, – დასძინეს უწყებაში.

როგორც droa.ge-სთვის გახდა ცნობილი, საქართველოში იმყოფებიან OGP-ის სამდივნოს წარმომადგენლები, რომლებიც საორგანიზაციო და სხვა საკითხებს ერთი კვირის მანძილზე გაეცნობიან. დაგეგმილია შეხვედრები როგორც გლობალურ სამიტის ორგანიზებაზე პასუხისმგებელ უწყებებთან, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც OGP-ის საკითხებზე აქტიურად მუშაობენ.

„ღია მმართველობის პარტნიორობას“ (OGP) საფუძველი 2011 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით, პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე.

OGP-ის ფარგლებში 4 ძირითადი პრინციპი დადგინდა: გამჭვირვალობა, ანგარიშვალებულება, მოქალაქეთა ჩართულობა და ტექნოლოგიური განვითარება. სწორედ ამ ოთხი პრინციპის გათვალისწინებით იღებენ ქვეყნები შესასრულებლად აუცილებელ ვალდებულებებს.

OGP, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის კარგ პლატფორმად ჩამოყალიბდა. შეიქმნა მრავალაქტორიანი ფორუმები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებების წარმომადგენლები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში გასატარებელი რეფორმების შესახებ მსჯელობენ.

დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 75 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო OGP-ის 2011 წლიდან შეუერთდა. გასულ წელს კი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ის ამ ფუნქციას ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს.