აფხაზეთს „ენგურჰესიდან“ ელექტროენერგიის მიწოდება სამი თვით შეუწყდება

792

ენგურჰესის გენერალური დირექტორის, ლევან მებონიას თქმით, სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები დერივაციულ გვირაბში, საიდანაც წყალი მიეწოდება ოკუპირებულ გალის რაიონში არსებულ ტურბინებს.

მისივე განცხადებით, ამჯერად თბილისი არ გეგმავს დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოდეფიციტის საკუთარი ხარჯებით დაფარვას, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

“ენგურჰესის” სადგური რევიზიის მიზეზით 2017 წლის თებერვალში 10 დღით გაითიშა, რის გამოც მაშინ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე განრიგი დაწესდა. როგორც სპეციალისტებმა განაცხადეს, დაათვალიერეს ჰესის დერივაციული გვირაბი და დაადგინეს, თუ რა სახის სამუშაოების ჩატარება იქნებოდა საჭირო შემდეგ წლებში. ადმინისტრაციაში მაშინაც აღნიშნეს, რომ რეკონსტრუქციის დაწყებას 2018-2019 წლებში გეგმავდნენ.