ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლების ნაწილი, იმ წყლის არხის მოწესრიგებას ითხოვს, რომელსაც წლებია კანალიზაცია უერთდება. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.
არხი სოფელ ღრელიდან მოედინება, ახალციხეს შუაზე კვეთს და მდინარე ფოცხოვისკენ მიდის. მისი ნაწილი დახურულია, ნაწილი კი ღია. არხს, სხვადასხვა ადგილზე, საკანალიზაციო მილებით ფეკალური მასა ერევა, აქ მოსახლეობა ნარჩენებსაც ყრის.
ანტისანიტარია, განსაკუთრებით, არხთან ახლოს მცხოვრებ 15 ოჯახს აწუხებს. ადგილობრივებმა ღია არხის მოწესრიგების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ამ ეტაპზე არ გეგმავენ: „ამ საკითხს ჯერ ვერ გადავწყვეტთ“.