პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახაბერ კუჭავამ ახალი ინიციატივა წარადგინეს, რომელიც თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ საკომიტეტო მოკვლევას გულისხმობს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ამ პრობლემას სჭირდება სერიოზული ყურადღება სხვადასხვა ინსტიტუტების მხრიდან და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან. საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფორმით გამოეჩინა. კერძოდ, საკომიტეტო მოკვლევა პირველად პარლამენტის პრაქტიკაში სწორედ ამ საკითხზე ჩატარებულიყო“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
კახაბერ კუჭავას ინფორმაციით, მისი განკარგულებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც 15 წევრი იქნება. „სამუშაო ჯგუფში ძირითადად წარმოდგენილი იქნებიან კომიტეტის წევრები, თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კომიტეტის წევრების გარდა, პარლამენტის სხვა წევრებიც შეგვეყვანა ამ ჯგუფში, რათა უფრო ფართო და მასშტაბური იყოს ჩატარებული სამუშაო“, -თქვა კუჭავამ.
სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ლევან კობერიძე, დავით სონღულაშვილი, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე, გია გაჩეჩელაძე, გუგული მაღრაძე, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, თინათინ ბოკუჩავა და ემზარ კვიციანი.
კახაბერ კუჭავას განმარტებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, კომიტეტის წევრები გაეცნობიან ყველა დაინტერესებული მხარის მიერ წერილობითი ფორმით მოწოდებულ დადასტურებულ პოზიციას. მისივე თქმით, დადასტურებული პოზიცია გულისხმობს: წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით (TOR), წერილობითი ფორმით, მტკიცებულებებით და ფაქტებით გამყარებულ დოკუმენტს, სადაც იქნება მოყვანილი ის გარემოებები, რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენენ ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე ჩვენს დედაქალაქში.