წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც წყალტუბოს მერი აღნიშნავს, სოფელ გვიშტიბის ბაღში სამუშაოები ახლახანს დაიწყო, და რეაბილიტაციასთან ერთად ფართის მოშენების სამუშაოები მიმდინარეობს.
„ბავშვთა ნაკადის ზრდასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნილება ფართის მომატების. ჩვენ გადავწყვიტეთ სარემონტო სამუშაოებთან ერთად დაგვეწყო მოშენების სამუშაოებიც, რისთვისაც „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებამ“ გამოყო თანხა – 105 000 ლარი“, – განმარტა გრიგოლ იოსელიანმა.
წყალტუბოს ბაღების გაერთიანების მმართველის გიორგი იობიძის ინფორმაციით, გვიშტიბი პირველი სოფელია, სადაც საბავშვო ბაღის გათბობა ცენტრალურ სისტემაზე ბუნებრივი აირით მოხდება.
სარემონტო სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველმა – გიორგი იობიძემ დაათვალიერეს.