შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში 30 თანამშრომლის ხელფასისთვის 452 000 ლარი დაიხარჯება

890

ბოლო 5 წლის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში გუბერნატორი 3 -ჯერ შეიცვალა. ერთი წლის განმავლობაში კი ეს თანამდებობა ვაკანტური იყო და გუბერნატორის მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე ასრულებდა. რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად, პერიოდულად იცვლებოდა სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობაც და შესაბამისად, მათი ხელფასებისთვის გაწერილი თანხაც. ამის შესახებ “რადიო მოზაიკა” წერს.

2012 წლიდან -2014 წლებში გუბერნატორის ადმინისტრაციაში 47  ადამიანი მუშაობდა, თუმცა მათი ხელფასებისთვის განსაზღვრული თანხა ამ პერიოდში ყოველწლიურად მცირდებოდა. თუ 2012 წელს აღნიშნული მიმართულებით გაწერილი თანხა 601 000 ლარი იყო, 2013 წელს, ეს თანხა 519 000 ლარამდე, ხოლო 2014 წელს 513 000-მდე შემცირდა.

რაც შეეხება დანარჩენ პერიოდს, 2015, 2016 და 2017 წელს, თანამშრომელთა რაოდენობა 33-მდე შემცირდა, თუმცა 2015 წელს მათი ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხა, თანამშრომელთა რაოდენობის მსგავსად, უცვლელი არ დარჩენილა, თუ 2015 წელს მათი ანაზღაურებისთვის 425 000 ლარი დაიხარჯა, 2016 წელს, ეს თანხა 453 000 ლარამდე, 2017 წელს კი  459 000 ლარამდე გაიზარდა.

ამჟამად, შიდა ქართლის რეგიონში ახალი გუბერნატორი დანიშნეს. აკაკი მაჭუტაძეს, გასულ წლებთან შედარებით, თანამშრომელთა მცირე რაოდენობა დახვდა. 2018 წლისთვის გუბერნიაში 30 პირია დასაქმებული, მათი სახელფასო წლიური თანხა კი 452 000 ლარს შეადგენს.