შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა თანამდებობები გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაცია droa.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშვნისა და შიდა ქართლის გუბერნატორის, კახა სამხარაძის სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ ბრძანებები უკვე დაწერილია.
ამ როტაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა, თუმცა, მაშინ არც კახა სამხარაძემ, არც აკაკი მაჭუტაძემ და არც მთავრობის ადმინისტრაციამ ინფორმაცია არ დაადასტურეს.
ამჯერად, საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ ორივე სამხარეო ადმინისტრაციაშიც, თუმცა, თანამშრომელთა ინფორმაციით, ყოფილი გუბერნატორები ჯერ კიდევ თავიანთ ძველ კაბინეტებში იმყოფებიან.
ახალი გუბერნატორები სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეუდგებიან.
აკაკი მაჭუტაძე სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში 2013 წელს დაინიშნა.
1991-1995 წლებში დაამთავრა აღორძინების კავშირის ქ. თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი, სპეციალობით – საგარეო ეკონომიკური საქმიანობა; მოგვიანებით ამავე ინსტიტუტის მაგისტრატურაც დაამთავრა.
1996-1998 წლებში გაიარა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სასწავლო კურსი; 2000 წელს კი – ეგვიპტის ხ. მუბარაკის სახელობის პოლიციის აკადემია-ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სრული კურსი;
2013 წელს იყო შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი; მანამდე საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012-13 წლებში იყო საბაჟო დეპარტამენტის მონიტორინგისა და რისკების მართვის სამმართველოს უფროსი; მანამდე კი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსად მუშაობდა; სხვადასხვა წლებში ნამუშევარი აქვს, ასევე, საგადასახადო ინსპექციაში, „სახალხო ბანკის“ უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტში, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტსა და უშიშროების სამინისტროში.
რაც შეეხება კახა სამხარაძეს, ის შიდა ქართლში რწმუნებულ-გუბერნატორად ზუსტად 1 წლის წინ – 2017 წლის 3 თებერვალს დაინიშნა.
სამხარაძე პროფესიით ინჟინერ-მექანიზატორია და დამთავრებული აქვს თბილისის აგრარული უნივერსიტეტი.
2015-2016 წლებში იყო “ქართული ოცნების” რეგიონული სამსახურის შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კურატორი; მანამდე, 2014-2015 წლებში – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე; 2013-2014 წლებში – შპს „როგო ჯგუფის” დირექტორი. ამავე წლებში მუშაობდა შპს “ჯი-ემ-თი” სასტუმროების ქსელის („თბილისი მარიოტი”), კონსულტანტად შიდა უსაფრთხოების საკითხში; 2010-2012 წლებში კი შპს „ქარვასლა თბილისი მენეჯმენტის” (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა) დირექტორის მოადგილედ.
2007-2010 წლებში სამხარაძე იყო შპს “დაცვისა და უსაფრთხოების ელიტარული სამსახური გისსონის” ტექნიკური დირექტორი; 2003-2007 წლებში – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობის პროექტის მილსადენის მშენებლობის უშიშროების ოფიცერი, მილსადენის უშიშროების მენეჯერის მოადგილე.
2002-2003 წლებში იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი, მანამდე კი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის უსაფრთხოების მენეჯერი.