გონიოში ახალგაზრდები სპორტული მოედნის შეკეთებას ითხოვენ

716

გონიოში, მინი სპორტული მოედანი, სადაც 35-მდე მოზარდი ყოველდღიურად იკრიბებოდა და თამაშობდა, დაზიანებულია. უკვე წელიწადზე მეტია სტადიონი ავარიულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

სტადიონზე გაჩენილია ორმოები, მწყობრიდან გამოსულია გარე განათების ბოძები, დაზიანებულია ხელოვნური საფარი და  მოედნის ირგვლივ რკინის კონსტრუქცია.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა სტადიონზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს იძიებენ. ირწმუნებიან, რომ ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მინი სტადიონის შესაკეთებლად. ამასთან, ბათუმის მერიაში არ იციან კონკრეტულად რა ვადებში ჩაუტარდება რეაბილიტაცია გონიოს სკოლასთან არსებულ საფეხბურთო მოედანს.