ხაშურის სოფელ წრომში საბავშვო ბაღის თანხით გამგებლის წარმომადგენლის ოთახები გაარემონტეს

891

ხაშურის გამგეობამ 2016 წელს სოფელ წრომის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 51 896 ლარით გამგებლის წარმომადგენლის ოთახები გაარემონტა. ინფორმაციას რეგინფო ავრცელებს.

საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების შესყიდვისთვის 50 107 ლარი საქართველოს მთავრობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყო.

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ბაღის შენობის რეაბილიტაციის მიზნით, ხაშურის გამგეობამ 2016 წლის 18 ივლისს გამოაცხადა.

ტენდერში ადგილობრივმა კომპანია „გურომ“ გაიმარჯვა, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი მალხაზ ფცქიალაძე.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 51 896 ლარად გაფორმდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადგილზე დათვალიერებით გაარკვია, რომ წრომის საბავშვო ბაღი სოფლის ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული, სარემონტო სამუშაოები კი მეორე სართულზე შესრულდა, რომელიც გამგებლის წარმომადგენელს უკავია. ამასთან, აღნიშნული თანხა წრომის თემში შემავალი 7 სოფლისთვის იყო გათვალისწინებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოება სახელმწიფო აუდიტის შემოწმების მასალებშიც არის ასახული, ამ ფაქტს რაიმე სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.