წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილ გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პარკის აღდგენის ინიციატივა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილს ეკუთვნის. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან უნდა დაფინანსდეს. დავით სონღულაშვილის თქმით, ტენდერით უკვე გამოვლინდა კომპანია, რომელიც პარკის აღდგენის პროექტს შეადგენს.
“ამ კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს. ჩამოვიდნენ წარმომადგენლები, დაათვალიერეს ტერიტორია და შეუდგნენ სამუშაოს. როგორც პროექტირების პროცესი დასრულდება, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. პარკში გაკეთდება გასართობი ცენტრი, საგამოფენო დარბაზი, ღია კინოთეატრი, მოხდება შალიკაშვილების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია და სხვა. პარკი აუცილებლად დაიბრუნებს იმ ფუნქციას, რაც წლების წინ ჰქონდა. პროექტირების ღირებულება 300 ათას ლარზე მეტია. რაც შეეხება ტექნოპარკს, ის პროექტის ერთ-ერთი ნაწილია. განიხილებოდა ორი ვარიანტი: ერთი რკინიგზის კულტურის სახლის რეაბილიტაცია და მეორე ახალი შენობის აშენება. იქიდან გამომდინარე, რომ კულტურის სახლის გადაკეთება უფრო ძვირი ჯდებოდა, გადაწყდა, რომ ახალი შენობა აშენდეს პარკის ტერიტორიაზე“, – თქვა სონღულაშვილმა.
მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, სამუშაოების დასაწყებად ტენდერი, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში გამოცხადდება და აგვისტოდან სამუშაოები დაიწყება.