ქობულეთში, კარიერის დასახლებაში, ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
პროექტის განსახორციელებლად მერია 798 888 ლარს დახარჯავს.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
„კარიერში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე ვგეგმავთ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ ჩვენ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. დასახლებაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წლების მანძილზე ხელს უშლიდა მის შემდგომ განვითარებას. კარიერი მოწესრიგებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით, კეთილმოწყობილი ქუჩებით, განაშენიანებული სკვერებით უფრო მიმზიდველი გახდება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ინვესტორებისთვისაც“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა.
კარიერის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. უბნის კეთილმოწყობა სამომავლოდაც გაგრძელდება.