ახალციხეში, მაშინდელი ძმები მარტიროსიანცების ქუჩაზე მდებარე სტამბაში, 1919 წლის 2 თებერვალს რეგიონის პირველი გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა. ყოველკვირეული “საპოლიტიკო და სალიტერატურო” გამოცემა „განახლებული მესხეთი“ორენოვანი იყო, ქართულ-თურქული და თავისი სლოგანიც ჰქონდა – „გაუმარჯოს გაერთიანებულ სამუსლიმანო და საქრისტიანო საქართველოს“. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.
“განახლებული მესხეთის” ნომერი რეგიონში მანეთი და 50 კაპიკი ღირდა, მესხეთის გარეთ კი ორი მანეთი. გაზეთს “ახალციხის მაზრის მიწის მუშათა საბჭო” გამოსცემდა.
სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში რეგიონის პირველი ქართული გაზეთის სულ სამი ნომერია დაცული. „განახლებული მესხეთში“ სამი გვერდი ქართულ მასალებს ეთმობა, მეოთხე, უკანასკნელი გვერდი კი თურქულ ენაზეა.
ახალციხის ქართველი ებრაელობა, სოფლის ცხოვრება, უწყლობა რაბათში, პროტესტი, სამუსლიმანო საქართველო, კვირიდან–კვირამდე – ეს სამცხე-ჯავახეთის პირველ გაზეთში გამოქვეყნებული მასალების სათაურებია.
„სიმინდი – ახალციხის გლეხთა საბჭომ მიიღო მთავრობის მიერ გამოგზავნილი სიმინდი და ამ დღეებში გაუნაწილებს მცხოვრებთ“, – წერია რუბრიკაში ახალი ამბები.
აქვეა ამბავი ცელებზეც – „ახალციხის მაზრის გლეხთა საბჭომ უკვე მიიღო ცელები და ანაწილებს გლეხთა შორის“.
რეგიონის პირველ გაზეთს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, გაზეთის ერთ-ერთი ნომრის ბოლო გვერდზე ასეთ განცხადებას შეხვდებით:
აგენტების საყურადღებოთ!
ვთხოვთ, ჩვენი გაზეთის აგენტებს დაჩქარებით გამოგვიგზავნონ გაყიდული გაზეთის ფასი, გაზეთში ნაჩვენებ მისამართით, აგრეთვე ვთხოვთ იმ სამკითხველოების გამგეობათ, რომელთაც ჩვენი გაზეთი ეგზავნება და ფასი არ გამოუგზავნიათ – გამოგვიგზავნონ!
ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი გვიყვება, რომ ახალციხეში ადგილობრივ პრესას საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. 1918–1921 წლებში ახალციხეში არსებულ სტამბებში იბეჭდებოდა რამდენიმე დასახელების გაზეთი: „განახლებული მესხეთი”, „მესხეთ-ჯავახეთი”, და „შარჟუმი”.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მომხდარი ცვლილებების გამო ადგილობრივი პრესის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა, ცოტა მოგვიანებით კი სამცხე-ჯავახეთში ერთდროულად რამდენიმე გაზეთი გამოვიდა.
1933 წელს – “მშრომელი ებრაელი”,
1933–1934 წლებში – „სოციალიზმისაკენ”.
1931 წლიდან გამოდიოდა გაზეთი „წითელი დროშა”.
1936 – 1939 წლებში ასპინძაში იბეჭდებოდა გაზეთი „ბაგბან”,
1939 –1941 წლებში – „სოციალიტური სოფელი”.
ცოტა მოგვიანებით მმართველობის რაიონული დაყოფის შემდეგ, როცა სამცხე – ჯავახეთი დაიყო ხუთ რაიონად. თითოეულს ჰქონდა საკუთარი ბეჭვდითი ორგანო. ასპინძაში იბეჭდებოდა გაზეთი „ასპინძა”, ახალციხეში – „წითელი დროშა, ახალქალაქში – „შუქურა”, ადიგენში – „განახლებული მესხეთი”.