გურჯაანში დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია იწყება

664

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე დასასვენებელი სკვერისა და შალიკაშვილების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „კარკასი“ გამოვლინდა.

სარემონტო სამუშაოებისთვის 263 850 ლარია გამოყოფილი.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პროექტის შედგენასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სამუშაო ტიპის შეხვედრა მიმდინარეობს.

,,ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გვაქვს სამუშაო ტიპის შეხვედრა პროექტის შედგენასთან დაკავშირებით და ადგილზე ვმასპინძლობთ არქიტექტურულ ჯგუფს, რომელიც პარკის კეთილმოწყობაზე იზრუნებს და შალიკაშვილების სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს’’, განაცხადეს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში.

„გურჯაანის სკვერი“ მდებარეობს ქალაქ გურჯაანის სამხრეთ ნაწილში. იგი წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობია 89732 მ². მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ტერიტორიაზე განთავსებულია მოსასვენებელი სკვერი დაზიანებული ინფრასტრუქტურით, მრავალწლიანი მარადმწვანე ხე-ნარგავებით, ამორტიზირებული მრავალსაფეხურიანი კიბის ბაქანით, ამორტიზირებული ამფითეატრით და პრაქტიკულად დანგრეული კინოთეატრის შენობით.

,,გურჯაანის სკვერის“ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი ობიექტები და სამუშაოები: ამფითეატრის, კინოთეატრის, სკვერიდან ქალაქის ცენტრისკენ, მიმავალი საფეხმავლო ბილიკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე აღნიშნულ პოზიციასთან მიმართებაში გასათვალისწინებელია მცირე ბელვედერის მოწყობა;

„შალიკაშვილის სახლმუზეუმის“ რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია არსებული შენობის რესტავრაცია რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნული ტერიტორიის შემოღობვა, შენობის ფუნქციონირებისთვის საჭირო საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების მოწყობა და არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა.

პროექტის მიზანს წარმოადგენს კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნა.

საბოლოო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული ობიექტისთვის ინდივიდუალურ არქიტექტურულ ალბომად შემდეგნაირად: ვიზიტორთა მართვის გეგმა, „გურჯაანის სკვერის“, კინოთეატრის, ამფეთეატრის, „შალიკაშვილის სახლმუზეუმის“ რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტები’’,-განაცხადეს  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.