„უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის” თაობაზე, ზუგდიდის მერიაში შექმნილი კომისია სოციალური სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე ჩართვის მსურველთა განცხადებებს ადგილზე ამოწმებს.
კომისიამ, რომლის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან შემოსული განცხადებები ორსანტიას, ჭითაწყარის, აბასთუმანის, ხეცერას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის, ჭკადუაშის, ზედაეწერის, ჩხორიას, ტყაიასა და რიყეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაამოწმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯამში 210 განცხადება შევიდა. აქედან, 132 სახლების მშენებლობაზე და 78 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე.
სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამისთვის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტისთვისაა გათვალისწინებული.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.