ადიგენში დააჯარიმეს კომპანია, რომელიც სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღს არემონტებდა. კომპანიას ჯარიმა რემონტის დასრულებამდე გამოვლენილი ხარვეზების გამო დააკისრეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ბოლაჯურის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციისთვის, მერიამ ტენდერი 2017 წელს გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანია, შპს „მშენებელი 2013“– ს ხელშეკრულება ამავე წლის 10 სექტემბერს გაუფორმა.
კომპანიას შენობის გარე და შიდა კედლების შეკეთება, ახალი, მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა, იატაკის დაგება, სველი წერტილების, ელექტროგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაევალა. სამუშაოები 118 500 ლარად უნდა შესრულებულიყო, სამუშაოები კი 2018 წლის 8 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო.
გამოცემის ცნობით, ვიდრე რემონტი დასრულდებოდა, ბაღში ახალდაგებული იატაკი და კედლები დაზიანდა. ამ ხარვეზების გამო, „მშენებელი 2013“, 3000 ლარით დაჯარიმდა. ბაღის შენობა კი მერიას, 8 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს ჩააბარა. ბოლაჯურში საბავშვო ბაღის გახსნა მარტის ბოლოსთვის იგეგმება. დაწესებულებაში მიმდებარე სოფლების ბავშვებიც ივლიან.