მარნეულის ძველი ბიბლიოთეკის 30000-მდე წიგნის ადგილი ახალ ბიბლიოთეკაში არ აღმოჩნდა

814

სოციალურ ქსელში ისევ განიხილება მარნეულის ძველი ბიბლიოთეკის წიგნების მდგომარეობა. არასამთავრობო ორგანიზაცია „თვითრეალიზაციის განვითარების უნივერსიტეტის“ წევრმა, ელვირ ჰასანოღლუმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი სადაც ძველ ბიბლიოთეკაში არსებული 30 000 წიგნის ბედს განიხილავს. ინფორმაციას “მარნეულის რადიო” ავრცელებს.

რადიოს ცნობით, ძველი ბიბლიოთეკის დანგრევისას ორგანიზაციას წიგნების ახალ ბიბლიოთეკაში განთავსებას დაჰპირდნენ, მაგრამ დღეს ამბობენ, რომ წიგნები ცუდ მდგომარეობაშია.

„სამწუხაროდ წიგნები ტომრებში ჩაალაგეს და „კულტურის ცენტრის“ სარდაფში ჩაყარეს. მე მივედი იქ რათა გამერკვია თუ რას აპირებდნენ ამ წიგნებთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ წიგნები ძალიან მოძველებულია და აღარ ვარგაო. მე ვუთხარი, რომ კი, წიგნები ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს თქვენი ბრალია მეთქი. ყოველ წელს გვეუბნებიან რომ ექსპერტები მოვლენ და აარჩევენ ამ წიგნებს, მაგრამ არავინ არ მოდის”, – ამბობს ელვირ ჰასანოღლუ.

მარენულის კულტურის ცენტრის დირექტორის ნატო შავიშვილის თქმით, წიგნები სარდაფში ჯერ კიდევ „კულტურის ცენტრის“ ჩამოყალიბებამდე შეიტანეს.

„წიგნები წლების განმავლობაში დასაწყობებული იყო სარდაფში, ჩვენ შევძელით და სპეციალისტების რეკომენდაციით ამოვიტანეთ ეს წიგნები ფოიეში, ახლა კი მიმდინარეობს გაშრობის პროცესი. ამ პროცესს სჭირდება რამოდენიმე თვე იმისათვის, რომ შემდეგ ჩვენ მოვიწვიოთ შესაბამისი სპეციალისტები რომლებიც უკვე გამომშრალ წიგნებს გაუკეთებენ ანალიზს”, –ამბობს ნატო შავიშვლილი.

კულტურის ცენტრის დირექტორის თქმით სპეციალისტის მოწვევას ისინი აპრილი-მაისის თვეში გეგმავენ, რადგან ამ დროისათვის წიგნები კარგად გამოშრნენ. გამოშრობამდე მათი ახალ ბიბლიოთეკაში გადატანა კი შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევში ისინი ახალ და ჯანმრთელ წიგნებს დააზიანებენ.