ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, ბოლშევიკური სახელდების მქონე ქუჩებისთვის სახელების გადარქმევაზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
“მე მაქვს ინიციატივა, რომ ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადამიანები, რომელთაც გარკვეული დამსახურება აქვთ, წამოვწიოთ. მნიშვნელოვანია ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს, თუ რა არის ის ღირებულება, რითაც ადამიანის სახელის უკვდავყოფა შეიძლება, და თუ ადამიანის დახვრეტაა ჩვენთვის მთავარი ღირებულება, თუ საზოგადოებას უნდა რომ ასეთი ადამიანის ქუჩა ჰქონდეს, მაშინ თქვას, რომ ჩვენ არ ვართ დემოკრატიული საზოგადოება“, – თქვა ირაკლი ლაგვილავამ.
ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში დღემდე არსებობს სტალინისა და ბერიას ქუჩები.
თებერვლის დასაწყისში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ზუგდიდის საკრებულოს სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებების შეცვლა სთხოვა.