TI ზუგდიდის საკრებულოს სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებების შეცვლას სთხოვს

1131

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ზუგდიდის საკრებულოს მოუწოდებს, სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებები შეცვალოს. არასამთავრობო ორგანიზაცია ზუგდიდის იმ ქუჩების და სოფლების სიას აქვეყნებს, რომლებსაც დღემდე საბჭოთა სახელწოდებებს ატარებენ. ესენია:

ლავრენტი ბერიას ქუჩა, ივანე ვნუკოვის ქუჩა , ნიკოლოზ ოსტროვსკის ქუჩა , ვასილ კიკვიძის ქუჩა, სანკტ-პეტერბურგის (ყოფილი ლენინის) ქუჩა, მოსკოვის ქუჩა, კრასნოდარის ქუჩა და ვოლგოგრადის ქუჩა, სოფელი კიროვი, სოფელი ოქტომბერი.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ახალი ტოპონიმიკა იქნა შემოღებული – სახელწოდებები შეეცვალა მრავალ ქუჩას, სოფელსა და ზოგიერთ ქალაქსაც. მათ იდეოლოგიზირებული და პოლიტიზირებული სახელები მიენიჭა.
”აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებული კანონი “თავისუფლების ქარტია” ერთ-ერთ მიზნად სწორედ ქუჩების, მოედნების, სოფლების, დაბების კომუნისტური სახელწოდებების აღმოფხვრას ისახავს. საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ” კი თვითმმართველ ერთეულებს ვალდებულებას უწესებს შეცვალონ გეოგრაფიული ობიექტების საბჭოთა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელები.
როგორც ჩვენს მიერ წარმოდგენილი კვლევით დასტურდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ასრულებს.

“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” მოუწოდებს ზუგდიდის საკრებულოს უახლოეს ხანებში მიიღოს გადაწყვეტილება და შეცვალოს სოფლებისა და ქუჩების საბჭოთა სახელწოდებები”, -აცხადებენ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში”.