ახალციხის სოფელ საძელში გაზიფიცირებას ითხოვენ

673

ახალციხეში, სოფელ საძელში გაზის შეყვანას ითხოვენ. გაზის კომპანიასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სოფლების გაზიფიცირება ეტაპობრივად მიმდინარეობს და მომავალ წელს გაზი საძელსაც ექნება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სოფელ საძელში, 120–მდე კომლი ცხოვრობს. სოფელში გაზი არაა და ამიტომ ყველა შეშით თბება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლების წინ გაზის სისტემა მიწისქვეშ მიმდებარე სოფლებისთვის მათ სოფელზე გავლით გაიყვანეს, თუმცა საძელში გაზი შეყვანილი დღემდე არაა.

ახალციხის სოფლების გაზიფიცირებას შპს „ინტერგაზი“ ახორცილებეს. კომპანიის დირექტორი ვასილ აბულაძე აცხადებს, რომ გაზიფიცირების სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება: „გაზიფიცირების პროცესი, ახალციხის დაახლოებით შვიდ სოფელში უკვე დაწყებულია, მივყვებით და რა თქმა უნდა სოფელ საძელსაც გავივლით“.