ბაკურიანში, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობასთან, ხმაური იყო. შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ, რომლებმაც ბაკურიანში მერის წარმომადგენელს მოსთხოვეს, უარი თქვას ხელფასის გაორმაგებაზე. ამის შესახებ IPN-ი ავრცელებს.
„ხელი აიღეთ ბიუჯეტის ხარჯზე ხელფასის გაორმაგებაზე. ერთადერთი ეგ მინდა. თქვი ხელფასის გაორმაგებაზე უარი და კაციშვილი არ შეგაწუხებს. ბიუჯეტს გაეშვი“, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბაკურიანის გამგებელს.
„მე საქართველოს გულისთვის სისხლი გამიღია, ნაძირალა“, – თავის მხრივ მიმართა ხაბეიშვილს მერის წარმომადგენელმა.
ადმინისტრაციულ შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბაკურიანში მერის წარმომადგენელს გოჩა გობრონიძეს დაბაში საკუთარი სასტუმრო და ბიზნესი აქვს, ამიტომ მას არ აქვს უფლება, რომ საკრებულოს ხელფასის მომატებას სთხოვდეს. თუმცა, იურისტები ამბობენ, რომ გობრონიძის მიერ ბაკურიანში ბიზნესის წარმოება კანონთან შეუსაბამობაში არ არის.