ნაციონალები ბაკურიანში მერის წარმომადგენელს უპირისპირდებიან

674

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ბაკურიანში მერის წარმომადგენელს გოჩა გობრონიძეს დაბაში საკუთარი სასტუმრო და ბიზნესი აქვს, ამიტომ მას არ აქვს უფლება, რომ საკრებულოს ხელფასის მომატებას სთხოვდეს. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებთან ერთად, ბაკურიანში კოსტავას N62–ში მდებარე იმ სასტუმროში მივიდა, რომელიც მისივე განცხადებით გობრონიძეს ეკუთვნის. თუმცა, შენობა დაკეტილი დახვდა. აქედან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გობრონიძეს ბაკურიანში, საკუთარ კაბინეტში მიაკითხეს, თუმცა მათ მერის წარმომადგენელი არც აქ დახვდათ.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბაკურიანში კოსტავას N62–ში მდებარე 841 კვადრატული მიწის ნაკვეთი, რომელზეც სასტუმროა გაშენებული „თი–ბი–სი“ ბანკის საკუთრებაა, გოჩა გობრონიძეს კი 2013 წლის 30 სექტემბრიდან ეს ფართი იჯარით აქვს აღებული.

გობრონიძე, ამჟამად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელშეკრულებითაა აყვანილი, რადგან მერის წარმომადგენლები შტატით დასამქებულები არ არიან. ამიტომ მისი პოზიცია იმ საჯარო მოხელეების ჩამონათვალში, რომლებისთვისაც მერია ხელფასების მატებას ითხოვს, გათვალისწინებული არ არის. ამჟამად მისი ხელფასი დარიცხვით 1 250 ლარია და თუ მერიაა საკრებულო გაზრდილ ხელფასებს დაუმტკიცებს, ეს გობრონიძეს, როგორც შტატგარეშე თანამშრომელს არ შეეხება.

ამასთან, იურისტები ამბობენ, რომ გობრონიძის მიერ ბაკურიანში ბიზნესის წარმოება კანონთან შეუსაბამობაში არ არის.