“აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზუგდიდის მერს კორუფციაში ადანაშაულებს

710

ზუგდიდის მკვიდრი და შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მიწაზე, რომელიც მას ახალი ხელშეკრულებით უნდა გადასცემოდა, მშენებლობას სხვა კომპანია იწყებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მიქავა ამბობს, რომ მას წინა მერისა და საკრებულოსგან ამ ტერიტორიის დაბრუნების პირობა ჰქონდა, თუმცა, მათ ეს პირობა არ შეასრულეს.

„რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აპირებენ კომპლექსის აშენებას. მე მყავს ინვესტორი, რომელიც გაცილებით მეტ ინვესტიციას განახორციელებს, თუმცა, როცა მისი წარმომადგენელი ლაშა გოგიასთან მივიდა, გოგიამ უპასუხა, რომ განზე გამდგარიყო. ამას არ დავთმობ, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მიწა ჩემს საკუთრებაშია. მე რატომ არ მკითხეს, მყავდა თუ არა ინვესტორი“, – აღნიშნა მიქავამ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისფლებას მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ბრძოლას სამართლებრივი გზით განაგრძობს.

საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 900 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავამ წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 ლარად შეისყიდა, თუმცა, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიწა ჩამოართვეს.

ეს გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და საკრებულოს დაავალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ვალდებულებები ისევ არ შეასრულა.

მიქავას განცხადებებს სამხარეო ადმინისტრაციაში უსაფუძვლო უწოდეს.

“მას ეს კონკრეტული მიწა არ ეკუთვნის. მიქავას ჰქონდა კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც მან 2008 წელს აიღო და რის მიხედვითაც 2012 წლამდე მშენებლობა უნდა დაესრულებინა და 6 მილიონი ლარის ინვეტიციის განეხორციელებინა, თუმცა ეს ვალდებულება არ შეასრულა, რის შემდეგაც მას მერიამ დამატებით მისცა დრო ინვესტიციის მოსაძებნად. მიქავამ ამ შემთხვევაშიც ვერ მოახერხა ინვესტიციის განხორციელება. ის რომ მანანა მიქავამ 10 წლის განავლობაში ვერ განახორციელა 1 ლარის ინვესტიციაც კი, ეს არა მერიის და გუბერნიის არამედ თავად მიქავას ბრალია. ამასთან მანანა მიქავას არ აქვს მორალური უფლება ვინმეს ცილი დასწმოს კორუფციულ გარიგებასა თუ თაღლითობაში“, – აღნიშნეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.