“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი გიორგი ლომია თვლის, რომ მისმა თანაპარტიელმა, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ სხდომის ოქმს ხელი უნდა მოაწეროს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიას კავშირი აქვს ბორჯომის საკრებულოს დეპუტაციასთან, თუმცა, პროცესებში შეგნებულად არ ერევიან. “ჩვენი დეპუტაცია ზრდასრული ადამიანებისგან შედგება და შეუძლია მიიღონ ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ბორჯომს გამოადგება”, – ამბობს ის.
ის ჩაჩანიძის პოზიციასაც ეხმაურება და აცხადებს: “ყოველთვის მოდის დრო, როდესაც უნდა მიიღო ის გადაწყვეტილება, თუნდაც შენთვის პრინციპულად მიუღებელი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება, რომ რამენაირად განმუხტო ის კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვა”.
დეპუტატი, ასევე, ამბობს, რომ სამართლიანობის პრინციპი არ უნდა დაირღვეს. “საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტმა მოიმატა ხელფასები, რა დააშავა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა? იმ მუნიციპალიტეტში მუშაობს ის ხალხიც, ვინც ჩვენ გვაძლევდა ხმას არჩევნებში. თუ ადამიანი ზარალდება და ვიცით, რომ ზარაალდება, რადგან ბევრს კრედიტი აქვს გამოტანილი, პირველ რიგში, ისინი არ უნდა დავაზარალოთ”, – ამბობს ლომია.