ნინოწმინდის საკრებულოში არ ფლობენ ინფორმაციას, თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, გასწიეს თუ არა საკრებულოს წევრებმა ისეთი ხარჯი, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა ანაზღაურებულიყო. ამიტომაც მათთვის გადახდილლი 114 ათასი ლარი საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი
საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაიცა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს.
“ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე ხარჯების ანაზღაურების სახით 2015-2016 წლებში გაცემული თანხა შეადგენს სულ 114.0 ათას ლარს, მათ შორის, 2015 წელს – 56.4 ათასი ლარი, 2016 წელს – 57.6 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუნიციპალიტეტი არ ფლობს ინფორმაციას ნამდვილად მოხდა თუ არა ხარჯების გაწევა, რა ოდენობის ხარჯი გაიწია და რა დანიშნულებით”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
როგორც ცნობილია, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” საკრებულოს არათანამდებობის პირებს ფიქსირებული ხელფასი არ ეძლევათ და მხოლოდ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები უნაზღაურდებათ, თუმცა, ეს ხარჯები პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს. “მიუხედავად აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტმა თანხები აანაზღაურა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი
დოკუმენტაციის გარეშე, შედეგად დაარღვია “თვითმმართველობის კოდექსის” მოთხოვნები. ამდენად, 114.0 ათასი ლარი გაიცა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ”, – ვკითხულობთ დასკვნაში.
როგორც დოკუმენტიდან ხდება ცნობილი, საკრებულოს დარღვეული აქვს, ასევე, არათანამდებობის პირ წევრებზე გასაცემი თანხის ზღვრული ოდენობაც. უწყების თქმით, “ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს წევრებზე, გარდა თანამდებობის პირებისა, დაამტკიცა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი. 2015-2016 წლებში ამ წესის მიხედვით, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საკრებულოს წევრებს ყოველთვიურად განესაზღვრათ ზღვრული ოდენობა 400 ლარით. ამასთანავე, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს. იმის გათვალისწინებით, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2650 ლარს, საკრებულოს წევრის ასანაზღაურებელი ხარჯის ყოველთვიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 397 ლარს. აღნიშნული მოთხოვნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული”.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხარჯი არ აანაზღაუროს შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. “მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე, საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას”, – წერია დასკვნაში.