საბიუჯეტო ორგანიზაციები ტყიდან შეშას ვეღარ გაიტანენ

1191

საშეშე მერქნის მოპოვებასთან დაკავშირებით, ტყით სარგებლობის წესში (საქართველოს მთავრობის N242-ე დადგენილება) ცვლილება შევიდა. თუმცა სიახლე მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეხებათ. თუ აქამდე მათი წარმომადგენლები ტყეში ხეს თავად ამზადებდნენ, ამის შემდეგ შეშას სატყეო სამსახურის თანამშრომლები მოჭრიან და ადგილამდე მიუტანენ. რაც შეეხება მოქალაქეებს, ისინი ხის დასამზადებლად ტყეში კვლავ თავად შევლენ.  ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

საბიუჯეტო ორგანიზაციებს ერთ კუბამეტრ დამზადებულ საშეშე მერქანში 80–85 ლარის გადახდა მოუწევთ. იორდანიშვილის ამბობს, რომ საშეშე მერქნის ფასი არ იცვლება.

ახალციხეში შეშით ორი ა(ა)იპ–ის, სკოლამდელი აღზრის და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებების შენობები თბება. წლის განმავლობაში კულტურის დაწესებულებებში 75 კუბურ მეტრ შეშას მოიხმარენ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კი 447 კუბამეტრით 15 საბავშვო ბაღს ათბობებენ.

 

საშეშე მერქანთან დაკავშირებით მთავრობა იგივე ცვლილებების გატარებას მოქალაქეებთან დაკავშირებითაც გეგმავს. „გვინდა რომ წელსვე შევთავაზოთ მოსახლეობას დამზადებული საშეშე მერქნის ადგილამდე მიტანა. ეტაპობრივად კი სოციალური ჭრის მექანიზმი საერთოდ მოვსპოთ. საშეშე მერქნის ფასისი დადგენის პრაქტიკა უკვე გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს შეშას საბიუჯეტო ორგანიზაციას მიუტან თუ ნებისმიერ ადგილობრივს. ამიტომ ერთი კუბამეტრის ღირებულება მოქალაქეებისთვისაც 80–85 ლარი იქნება“- ამბობს საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ნათია იორდანიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში შეშით 9 000 კომლი თბება. წლის განამვლობაში ერთი კომლისთვის შვიდი კუბამეტრია გამოყოფილი, მაღალმთიან დასახლებებში კი 15. თუ მათი მოთხოვნის მიხედვით საშეშე მერქნის ტყეში ათვისება სრულად მოხდება, მოსახლეობის შეშით მომარაგებას 80 ათასი კუბამეტრი ხე დასჭირდება. თუმცა, როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი რამინ მარტინენკო ამბობს, რეალურად ათვისება 20 ათასი კუბამეტრის ხდება: „დანარჩენი კი ისეთ ოჯახებზე მოდის, რომლებიც აქ არ ცხოვრობენ, ან რაიმე სხვა მიზეზით შეშა არ გამოაქვთ“.

ადგილობრივები მოსალოდნელ ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.