ბორჯომის ქუჩებში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ჩირგვებისა და ქვებისაგან ინტენსიურად იწმინდება ვაშლოვანისა და ლიკანის დასახლებაში ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორიები. ასევე, რამდენიმე დღის წინ დაიწყო მდინარის ნაპირების დასუფთავება.
სამუშაოებს “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური” აწარმოებს.
სამსახურის უფროსის, დავით ზაალიშვილის თქმით, ინიციატივა უპრეცედენტოა და ის ყოველდღიური გეგმით გაწერილ საქმიანობასთან ერთად ხორციელდება.
“უნდა აღინიშნოს, რომ დასუფთვების სამუშაოები ერთი თვის წინათ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში, სამსახურის მიერ წლობით დაგროვილი ნაშალი მასალისაგან, ქვა-ღორღისა და სხვა სახის ნარჩენებისაგან გაიწმინდა ცენტრალური მაგისტრალის, შიდა ქუჩებისა და საფეხმავლო ბილიკების მიმდებარე ტერიტორიები და ფერდობები”, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.