რა თანხა შედის დასუფთავების მოსაკრებლიდან რუსთავის ბიუჯეტში

607

დასუფთავების სერვისში მოსახლეობის მხრიდან გადასახდელი თანხა, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი რუსთავშია და სულზე 40 თეთერს შეადგენს, თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გადასახადს ფაქტობრივად არ იხდის. ინფორმაციას ინფო რუსთავის ავრცელებს.

რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ერთი თვის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებლით რუსთავის ბიუჯეტში, დაახლოებით, 13 880,86 ლარი შედის. პოტენციური გადამხდელების რეალური რაოდენობის მიხედვით კი, ეს ციფრი თვეში, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი- 45 760 ლარი უნდა იყოს და წლის განმავლობაში დასუფთავების მოსაკრებლიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 549 120 ლარი უნდა შედიოდეს, რეალურად კი, 2021 წლის განმავლობაში ქალაქის ბიუჯეტში დასუფთავების მოსაკრებლიდან 166 570.27 ლარი შევიდა.

ქალაქს ამ დროისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი 12 მანქანა ემსახურება, საიდანაც 7 ახალი თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდია. ტექნიკის საშუალებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, სკვერებს, რეკრეაციული სივრცეებსა და ეზოებს ყოველდღიურად ასუფთავებენ, რისთვისას რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტიდან 4 706 700 ლარია გათვალისწინებული. ასევე, აღნიშნული ბიუჯეტით ხდება სამსახურის ტექნიკური უზრუნველყოფა, ნაგავმზიდების საწვავის შეძენა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასის ანაზღაურებაც.