ახალციხის თოჯინების თეატრი ახალ სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს

796

ახალციხის თოჯინების თეატრი ახალ, 2018 წლის სეზონზე ხუთ პრემიერას გამართავს. გარდა პრემიერებისა, თეატრალური დასი პატარებს რიგით სპექტაკლებსაც უჩვენებს. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

ამ წლის სეზონი თეატრში  საახალწლო სპექტაკლმა „თოვლის დედოფალმა“ გახსნა. როგორც თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ ქორიძე ამბობს, ახალ სეზონზე ხუთი პრემიერა გაიმართება: „ყოველ კვირას ახალ სპექტაკლს ვუჩვენებთ მაყურებელს. მალე გვექნება „ურჩხულის და მზეთუნახავის“ პრემიერა, ხოლო დაახლოებით ივნისში მაყურებელს „კაი და გერდას“ შევთავაზებთ“.

ამ სეზონზე თოჯინების თეატრი გასვლით წარმოდგენებს გამართავს ახალციხის სხვადასხვა ბაღებში. იქნება სპექტაკლები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. 20 მარტს თეატრი გასტროლებზე გორში მიემგზავრება. გორელ მაყურებელს დასი სპექტაკლს „პინოქიოს“ აჩვენებს. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 ლარია, ხოლო პრემიერის ბილეთი 5 ლარი ღირს.

2018 წელს თეატრს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო შრომის ანაზღაურებისთვის 112 000 ლარით აფინანსებს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი 25 000 ლარით.