ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, ათეული წლებია ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ფართო საზოგადოება სულმოუთმენლად ელოდება .
ზურაბ ალავიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ინარჩუნებს ბოტანიკურ ბაღში დაცულ იშვიათ მცენარეებს. ,,მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში’’.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განხორციელებს.