ახალციხის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ. დეპუტატები ამბობენ, რომ ხალხს “დილა–საღამოს ხვდებიან”. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ახალციხის საკრებულოში 33 დეპუტატია. ამათგან 18 მაჟორიტარია – 3 ქალაქ ახალციხის, 15 კი თემის და 15 პროპორციული სიით გასული წევრი. საკრებულოს მიერ 2017 წლის 14 ნოემბერს მიღებული რეგლამენტის თანახმად, “საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, სამ თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს შეხვედრები თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან.”
გამოცემის ცნობით კი 14 ნოემბრიდან დღემდე სამი თვე გავიდა, თუმცა, არცერთ დეპუტატს მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა არ გაუმართავს. უმრავლესობა ამბობს, რომ ამომრჩეველს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება.
„ყოველ დილა–საღამოს თუ შაბათ–კვირას ვნახულობ, მეუბნებიან თავიან პრობლემებს. ჯერ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, საკრებულოში რომ დამეყენებინა საკითხად“, – ამბობს სოფელ კლდის წარმომადგენელი საკრებულოში ვლადიმერ კურტანიძე.
„თუ რამე პრობლემაა, თვითონაც მაკითხავენ. მაგალითად, ბოლოს გრეიდერი უნდოდათ და დავეხმარე“, – ამბობს წყორძა–ანდრიაწმინდის დეპუტატი ნოდარ სუდაძე.
ზოგად, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აყენებენ საკრებულოს სხდომებზე დეპუტატები: იოსებ კაპანაძე, გელა დემეტრაძე, ბესიკ გოქსაძე, პაიცარ მანასიანი და ვასილ სისვაძე. წინასწარ ორგანიზებული შეხვედრები, ამ დრომდე, არც მათ ჰქონიათ.
კოლეგების მსგავსად, მოსახლეობას სპონტანურად ხვდება, საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ პროპორციული სიით შესული გიორგი გვარამაძე: „სათითაოდ ვკრებთ პრობლემებს და მერე ერთად წარვუდგენთ საკრებულოს“.
ამომრჩეველს არც პირადად და არც საჯარო შეხვედრაზე არ შეხვედრია აწყურის დეპუტატი ალექსი ლაბაძე: „ჯერ ვერ მოვახერხე შეხვედრა, თუმცა, ვგეგმავ და მალე შევხვდები“.
ამ დრომდე საკრებულოში არც დეპუტატების შეხვედრების განრიგი მოიპოვება და არც შესაბამისი, შეხვედრების ოქმი არსებობს.
„დეპუტატებს თავიანთი გეგმები აქვთ და ხვდებიან ამომრჩეველს. რაიმე განრიგი არ დაგვიმტკიცებია. მთავარი ის არის, რომ მოსახლეობის მაჯისცემაზე გვიჭირავს ხელი და თუ რაიმე პრობლემაა, ვეხმარებით“,– ამბობს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრებზე საუბრობენ, ადგილობრივების ნაწილი თავიანთ დეპუტატს ვერ იცნობს, ნაწილი კი მხოლოდ იმიტომ იცნობს, რომ მისი თანასოფლელი ან მეზობელია.
გასულ კვირას, ახალციხის საკრებულოს იმ დეპუტატებს, ვინც თანამდებობის პირი არ არის, აქტივობებისთვის გაწერილი ხარჯი 90 ლარით გაუზარდეს. ასეთი საკრებულოში 16 დეპუტატია და ახლა მათ ხარჯებისთვის, რომელთა შორის, მოსახლეობასთან შეხვედრის ხარჯებიც შედის, ყოველთვიურად 500 ლარი აქვთ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ ამომრჩეველს ანგარიში წარუდგინოს. მას მოსახლეობასთან შეხვედრის, ასევე საკრებულოს სხვა საქმიანობაში აქტიური მუშაობისათვის გაწეული ხარჯის შესაბამისი დოკუმენტიც უნდა ჰქონდეს.