ჩოხატაურის საკრებულოში ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ერთიანდება

949

ჩოხატაურის საკრებულოში ახალი ფრაქცია “გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის” ყალიბდება, რომლის ორი წევრი “ევროპული საქართველოდან” ხოლო ერთი – ‘ნაციონალური მოძრაობიდან” იქნება. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

“ჩვენთვის გასაკვირიც კია, რომ ეს თემა ახლა გახდა საყურადღებო. “ევროპულმა საქართველომ” თავიდანვე ცხადი გახადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ პარტიასთან. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში – სადაც საარჩევნო სისტემისა და არსებული პოლიტიკური გარემოს გამო ხელისუფლება განსაკუთრებით ძლიერიცაა და აგრესიულიც”. – თქვა ევროპული საქართველოს პრესსპიკერმა ირაკლი კიკნაველიძემ.

“ჩვენ დემოკრატიულ პარტიებს შორის თანამშრომლობა მიგვაჩნია ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ გზად. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სხვა აქტიურ ადამიანებთანაც, რომლებიც შესაძლოა ისეთ პარტიებშიც კი იყვნენ რომლებიც ჩვენთვის პრონციპულად მიუღებელია, თუ ისინი დატოვებენ პარტიას და გაიზიარებენ ჩვენს შეხედულებებსა და პრინციპებს” – ამბობს კიკნაველიძე.

“ევროპული საქართველო”  “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოეყო და პარლამენტში 21 მანდატი მიიღო. თვითმმართველობის არჩევნებში კი მათ მეორე – მესამე ადგილები, შესაბამისად, 17,08% და 10,4% -ით გაიყვეს.