ახალციხის მერიამ იმ წარჩინებული სტუდენტებისთვის, ვინც ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ერთწლიანი სტიპენდია დააწესა – 1000 ლარის ოდენობით. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტიპენდიისთვის 10 000 ლარი გამოიყო და ეს თანხა, ერთი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 წარჩინებულ სტუდენტზე გადანაწილდება. თითო სტუდენტი სემესტრში 500 ლარს მიიღებს.
დადგენილების მიხედვით, სტიპენდია იმ სტუდენტებზე გაიცემა, ვისაც სემესტრის განმავლობაში ყველა სალექციო კურსში მიღებული ექნება 91–100 ქულა, ანუ A კატეგორიის შეფასება; გარდა ამისა, ის აუილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
მოთხოვნებს შორის ერთ–ერთი აუცილებლობაა განაცხადის შეტანის მომენტისთვის, სტუდენტი, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ახალციხის ტერიტორიაზე უნდა იყოს რეგისტრირებული.
იმ შემთხვევაში თუ წარჩინებული ახალგაზრდების ოდენობა ათს აღემატება, უპირატესობა ისეთ სტუდენტებს მიენიჭებათ, რომლებიც სიციალურად დაუცველები, ობლები, დევნილები, მრავალშვილიანი ოჯახიდან, ან ომის ვეტერანების ოჯახიდან არიან.
„ასეთი სტიპენდია ახალციხის მერიას ჰქონდა, მაგრამ თემში არ გვქონია. რაზეც გვწვდება ბიუჯეტის თანხა სტიპენდიებისთვის, იმის მიხედვით გავწერეთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
სტიპენდიების გაცემის წესი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 15 თებერვალს, რიგით მეთოხე საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.