„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ზუგდიდის მერიას გარევაჭრობის აკრძალვისთვის აკრიტიკებს

725

“პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი გოგიტა ბიგვავა ზუგდიდის მერიის მიერ გარევაჭრობის აკრძალვას აკრიტიკებს. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.ბიგვავას თქმით, მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე მერიის მხრიდან ასეთი რადიკალური ზომების მიღება კიდევ უფრო აზიანებს სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას.”ზუგდიდის მერია თავისი გაუაზრებელი და დაუგეგმავი ქმედებებით შევიდა უკიდურეს კონფრონტაციაში ისედაც სიღარიბის ზღვარზე მყოფ მოსახლეობასთან. დავიწყებ იქედან, რომ გარემოვაჭრეების პრობლემა დიდი ხანია ქალაქში არსებობს და მას სჭირდება გონივრული და ცივილური გადაწყვეტა, ამაზე არავინ არ დაობს. მაგრამ როდესაც რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა სულს ღაფავს და გადარჩენისთვის იბრძვის, ხელისუფლების უუნარობისა და უმოქმედობის გამო, ვგულისხმობ აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეულ ზარალს, ამ დროს უკანასკნელი ლუკმა-პურის წართმევა, რომელიც გარემოვაჭრეებს ჰქონდათ საკუთარ ოჯახებში, პოლიტიკურ სიბეცედ და ამორალურ ფაქტად მესახება. ამ პრობლემის მოგვარების უნიჭო მცდელობად მიმაჩნია ჯერ საბავშვო მინი სტადიონის, დემონტაჟის წახალისება და სამართლებრივი კაზუსიდან გამომდინარე მათი პირობითი დაჯარიმება სიმბოლურ თანხად.პრობლემაზე პოსტფაქტუმ რეაგირება და გაუაზრებელი ქმედებები გახდა დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების სავიზიტო ბარათი. ხელისუფლებას ამ პრობლემის რეალურად მოგვარება, რომ ნდომებოდა, ჯერ ალტერნატიულ ფართს შექმნიდა და მერე დაიწყებდა გარევაჭრობის აკრძალვას.მინდა დავამატო, რომ ქალაქში არსებული უამრავი ინფრასტრუქტურული, საყოფაცხოვრებო და სოციალური პრობლემების ფონზე საეჭვო ჩანს მერიის მხრიდან ხელოვნურად ამ პრობლემის წამოწევა“, – ამბობს გოგიტა ბიგვავა.ზუგდიდის ბაზრის გარეთა პერიმეტრზე დასაქმებული მოვაჭრეები ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ და გარევაჭრობის ნებართვას ითხოვდნენ. თუმცა ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათ გარევაჭრობა აუკრძალა და ალტერნატიული ფართი შესთავაზა, სადაც გადასვლაზე 8 თებერვალს თანხმობა განაცხადა მოვაჭრეთა ნაწილმა.