საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის დასრულება 17 თვეში იგეგმება

5192

წინა სტატია

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ზემო იმერეთისა და ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის 55-კილომეტრიანი გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მისი დასრულება კი 17 თვეში იგეგმება.

საჩხერე-ონის გზის მარშრუტი ასეთია: სარეკი-საჩხერე, ქვემო ხევი-უზუმთა-შქმერი-უშოლთა-ბოყვა-ზუდალი-ონი. აღიშნული პროექტი რეგიონის მცხოვრებლებს დედაქალაქთან კავშირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, ვინაიდან შემცირდება თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების დრო და მანძილი. ახალი გზა თბილისიდან ონამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდინარე ჩვეშურაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.

ხიდი 32 მეტრის სიგრძის და 7 მეტრი სიგანის იქნება. დღეს არსებული ხიდის დემონტაჟი კი მას შემდეგ მოხდება, რაც ახალი ხიდი ექსპლუატაციაში შევა.

ხიდის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები,  ონის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.