საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

2693

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველი 5 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. უწყების ცნობით, მშენებლობის პირველ ეტაპი საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთი იწყება საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრზე (გომი-საჩხერე-ჭიათურა- ზესტაფონი), საჩხერედან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, დაახლოებით 1.5 კმ-ზე. ყველაზე მაღალი წერტილი ამ მონაკვეთზე ზღვის დონიდან 569.11 მეტრია.

დღეისათვის გზის ამ მონაკვეთზე 3-5 მეტრის მოხრეშილი გზაა, რომლის რეკონსტრუქცია-მშენებლობაცაა დაგეგმილი. მონაკვეთი სრულდება მდ. ჯრუჭულას ხიდამდე და მისი საერთო სიგრძე 5 537 მეტრია.

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 710 918.00 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბერს, 16:00 საათზე დასრულდება.

ჯამში, საჩხერე-ონის საავტომობილო გზის სიგრძე 50 კილომეტრი იქნება და თბილისიდან ონამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში გზის მშენებლობაზე 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ თანხის უმეტესი ნაწილი გზის მშენებლობას, 10%-მდე კი დარჩენილი მონაკვეთის პროექტირებას მოხმარდება.

“ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალზედ მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით. ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებისთვის დამახასიათებელია: ეკონომიკის სუსტი დივერსიფიკაცია, მიგრაცია, უკიდურესი გაჭირვება, სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურა და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვასა და განათლებაზე (დაწყებითი სკოლის გარდა). 2014 წლის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით, სოფლის მოსახლეობა 2002 წლიდან 24%-ით შემცირდა.

საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია. ზემო იმერეთი-რაჭის ახალი საავტომობილო გზით (სიგრძე – 50 კმ) საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით, ქალაქებსა და სოფლებში”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

უწყების ვარაუდით, ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჩხერე- ჭიათურის საავტომობილო გზის მოძრაობის 20% გადაინაცვლებს ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე. “ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და გაზრდის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ აქტივობას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღნიშნული გზის მშენებლობის პირობა 2012 წელს რაჭაში წინასაარჩევნოდ ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურის ცენტრალურ მოედანზე დადო. მაშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ გზის მშენებლობა მისი ერთ-ერთი ოცნება იყო.

ხუთი წლის შემდეგ, 2017 წლის სექტემბრის დასაწყისში, იგივე პირობა დადო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც. “წელს, მეოთხე კვარტალში, დავიწყებთ საჩხერისა და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობას გააჩენს რაჭა-ლეჩხუმისთვის და ლენტეხისთვის“, – განაცხადა პრემიერმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატთა წარდგენისას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში გზის მშენებლობის დასრულებას 2020 წლისთვის ვარაუდობენ.