23 თანამშრომლის ხელფასის „მრავალმილიონიანი“ ეკონომია – თვითმმართველი ქალაქის – ახალციხის გაუქმების შედეგი

1487

ახალციხის მერიამ, თვითმმართველი ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, მუნიციპალური ბიუჯეტი ჯამში 23 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებით დაზოგა. გარდა ამისა, მერიამ 37 თანამშრომელი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლა და ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა,  შემდეგ კი მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ბათილად ცნო.  აღნიშნულ საქმეზე თვითმმართველობას სასამართლოში უჩივლებენ.

მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა შემცირების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ქალაქ ახალციხეს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმეს და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტში დააბრუნეს. ხელისუფლების მტკიცებით, ქალაქისა და თემის გაყოფამ შტატების, შესაბამისად კი, ადმინისტრაციული რესურსის გაზრდა გამოიწვია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ე.წ. მრავალმილიონიანი ეკონომია 23 თანამშრომლის ხელფასი აღმოჩნდა. თუ გაერთიანებამდე ქალაქ ახალციხის მერიასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შტატით და ხელშეკრულებით ჯამში 177 ადამიანი მუშაობდა (128 შტატი, 49 ხელშეკრულება, მათგან 10 მერიაში, 39 გამგეობაში), გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში 154 ადამიანი დასაქმდება (107 – შტატით, 47 – ხელშეკრულებით).

მერიასა და გამგეობაში დასაქმებული 128 თანამშრომლიდან 91 უკვე დაასაქმეს, 37 თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის, შეთავაზებულ პოზიციაზე უარი მხოლოდ ერთმა თქვა, დანარჩენებს კი შეთავაზება არ მიუღიათ. ამის შემდეგ მერიამ 63 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

ახალციხის მერიაში შტატით 107 მოხელე უნდა დასაქმდეს, დარჩენილ 16–ს კონკურსის წესით შეარჩევენ, 47–ს კი, ასევე კონკურსის წესით შეარჩევენ და ხელშეკრულებით აიყვანენ.

გათავისუფლებულ თანამშრომლებს უკვირთ, რატომ აცხადებს მერია კონკურსს მაშინ, როცა მობილობა დასრულებული არ არის. მათ არც ის იციან, რატომ არ შესთავაზეს რაიმე პოზიცია.

„არ ვიცი, რა მოხდა, ალბათ, ხელმძღვანელის არჩევანი იყო. ჩემს საქმეს, რამდენადაც შემეძლო, ყოველთვის პატიოსნად ვასრულებდი“, – ამბობს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ნინო ბლუაშვილი.

ბლუაშვილი სასამართლოში ჩივილს არ აპირებს, მაგრამ სამართლებრივ დავას არ გამორიცხავს ახალციხის მერიის საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ეკა ბერიძე: „წარმოდგენა არ მაქვს რატომ არ დამასაქმეს, ვერც პოლიტიკურს და ვერც პირადს ვერ ვუკავშირებ. ალბათ, მერია ამ ყველაფერს პასუხს გასცემს. გასაჩივრების დრო პირველ იანვრამდე მაქვს და მანამდე გადავწყვეტ“.

სასამართლოში შესატანად სარჩელი უკვე მზად აქვთ გამგეობაში კადრებისა და წერილების საკითხებში ყოფილ უფროს სპეციალისტს, ეკა ტატალაშვილს და მერიაში საორგანიზაციო საკითხების ყოფილ სპეციალისტს, თეა ბოჩიკაშვილს.  ორივე აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, – ტატალაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრი, ბოჩიკაშვილი კი ამავე პარტიის წევრის მეუღლეა.

მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებებში წერია, რომ, მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე, სამსახურიდან ათავისუფლებენ და მოხელეთა რეზერვში რიცხავენ.

„რას ნიშნავს, მობილობა ვერ მოხერხდა?! 18 წელი მაქვს თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება და არანაირი შეთავაზება არ მიმიღია“, – აცხადებს ტატალაშვილი, რომელსაც დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გათავისუფლების  ბრძანება უნდა გაესაჩივრებინა, თუმცა, 23 დეკემბერს ელექტრონულ ფოსტაზე მერიის ახალი ბრძანება მიიღო, რომლის მიხედვითაც, მისი გათავისუფლების შესახებ პირველი დეკემბრის ბრძანება ბათილადაა ცნობილი.  აღნიშნული ბრძანება 19 დეკემბრით თარიღდება და ის 37–ვე თანამშრომელს გაუგზავნეს, –„აღარ ვიცი, რა ხდება, რა სტატუსი მაქვს, ვმუშაობ თუ არა. უკვე დაწერილ საჩივარს დავაკორექტირებ და სასამართლოში მაინც შევიტან. სამსახურში აღდგენას მოვითხოვ“.

სარჩელის შეტანამდე, ვითარებაში გარკვევის მიზნით, ჯერ წერილობით მიმართავს მერიას თეა ბოჩიკაშვილი.

ორივე მათგანის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ქეთი ბებიაშვილი დაიცავს: „მართალია, ბათილად იქნა ცნობილი ბრძანებები გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ტატალაშვილისა და ბოჩიკაშვილის სტატუსი დღემდე გარუკვეველია. ამიტომ სასამართლოში აუცილებლად ვიდავებთ“.

ბებიაშვილის თქმით, მისი მარწმუნებლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს: „წარმოდგენილ შემთხვევაში თანამშრომლების პირდაპირ გათავისუფლება არ შეიძლებოდა. მობილობა გულისხმობს, რომ თუ იგივე თანამდებობას ვერ სთავაზობდნენ,  კვალიფიკაციის გათვალისიწინებით, უფრო დაბალი პოზიცია უნდა შეეთავაზებინათ, მათ კი მსგავსი შეთავაზება არ მიუღიათ. გარდა ამისა, მობილობა გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, მოხელე სხვა მუნიციპალიტეტიდან სხვაში დაასაქმონ, ესენი კი  საერთოდ გაათავისუფლეს“.

მობილობის წესით დასასაქმებლების უფლებების დარღვევის გამო,  საია არა მხოლოდ ორი ყოფილი მოხელის დაცვას, არამედ ახალციხის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც  აპირებს.

„მერიას კონკურსი არ უნდა გამოეცხადებინა, ჯერ მობილობის ეტაპი უნდა დაესრულებინა. რის საფუძველზე აცხადებენ  კონკურსს?!  შესთავაზეს მობილობის ფარგლებში დასასაქმებლებს რაიმე პოზიციაზე დასაქმება და მათ უარი უთხრეს?! რადგან ასეთი შეთავაზებები თანამშრომლებს არ მიუღიათ, ეს პროცესი სამართლიანად არ შეიძლება ჩაითვალოს“,– აცხადებს ბებიაშვილი და ამატებს, რომ ბრძანება, რომლის მიხედვითაც გათავისუფლების ბრძანებები ბათილად ცნეს, ვითარებას ვერ ამსუბუქებს.

ახალციხის მერიამ საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა წერილობით გვთხოვა და კითხვებზეც მხოლოდ წერილობით გვიპასუხა. შეკითხვაზე, რატომ აცხადებენ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს, როცა მობილობის ფარგლებში დასასაქმებელი არაერთი თანამშრომელი დარჩა, გვპასუხობენ: „დღეის მდგომარეობით, არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე ვერ განხორციელდა მობილობის წესით მოხელის დასაქმება, რის გამოც პოზიცია გახდა ვაკანტური, ვაკანტური პოზიცია კი შესაძლებელია შეივსოს მხოლოდ კონკურსის წესით“.

კითხვაზე, რატომ გააბათილა მერიამ პირველ დეკემბერს დაწერილი ბრძანებები 19 დეკემბერს, პასუხი ასეთია: „იმის გამო, რომ კვლავაც გაგრძელებულიყო გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მობილობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. „ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ 60მუხლის თანახმად, მოხდა  მოხელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა“.

აღნიშნული მუხლში ვკითხულობთ: „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“.

მიუხედავად გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობისა, მერიაში განმარტავენ, რომ ეს თანამშრომლები დასაქმებულად არ ითვლებიან: „ისინი ჩართული არიან მობილობის პროცესში, ეს კი  არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა დასაქმდნენ ლიკვიდირებული ორგანიზაციის უფლებამონაცვლის მიერ. საჯარო სამსახურის სისტემაში ვაკანტური თანამდებობის მოძიებას, სადაც ხდება მობილობაში ჩართული  სუბიექტის შეთავაზება, უზრუნველყოფს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო“.

საჯარო სამსახურის ბიუროში კომენტარს არ აკეთებენ. უწყებას შეკითხვები წერილობით გავუგზავნეთ და პასუხს ამ დრომდე ველით. თუმცა, ბიუროს გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი უკვე დაუკავშირდა: „როცა ჩვენი ვითარება ვუთხარით, გვითხრეს, რომ მათ მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლიათ“.

ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ თანამშრომლების გათავისუფლების გამო საჯარო სამსახურის ბიუროდან შენიშნვა ან რეკომენდაცია არ მიუღიათ.

„სამართლებრივად ვიდავებ და მოვიგებ კიდეც. მერს დამშვიდობებისას ვუთხარი: თუ ფიქრობს, რომ თანამშრომლების გათავისუფლებით სწორად მოიქცა, მაშინ იურისტები ჰყავს შესაცვლელი. არ დამეთანხმა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, შეცდნენ და თავიანთი გამოცემული ბრძანება თვითონვე გააბათილეს“, – ამბობს ტატალაშვილი.

მერიამ რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობით შეცდომის გამოსწორება სცადა, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც“ საუბრობენ: „რაღაც შეცდომა ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს და გამოასწორა. მობილობით კი ყველა ბუნებრივია ვერ დასაქმდებოდა. მობილობა მოხელის აუცილებლად დასაქმებას არც გულისხმობს“.

საიაში აქცენტს ახალციხის მერიაში შექმნილ ქაოსურ ვითარებაზე აკეთებენ: „ბევრად ადრე იყო ცნობილი თვითმმართველობების გაერთიანების შესახებ და ეს საკითხები სწორად დაგეგმილიყო. ეს დემოკრატიის გამოცდაა, რომელსაც ახალციხის მერია სამწუხაროდ ვერ აბარებს“.

ჯერჯერობით, პირველი შედეგი, რაც ქალაქ ახალციხის გაუქმებამ და კვლავ სათემო მუნიციპალიტეტში შეყვანამ მოიტანა, სწორედ ეს არის – გათავისუფლებული თანამშრომლები, დაუზოგავი ადმინისტრაციული ხარჯები და ქაოსი, რომელსაც ახალციხის მერია ვერაფერს უხერხებს.