სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2017 წლიდან გააუქმა, 2018 წელსაც არ აღდგება. მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით ამ პროგრამის განსახორციელებლად თანხები კვლავაც არ არის გათვალისწინებული.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 8 წლის განმავლობაში არსებობდა. მისი განხორციელება 2009 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი იყო, 2012 წლიდან კი 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
პროგრამა მიზნად ისახავდა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ სოფელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გარკვეული ოდენობის თანხა ეძლეოდა და ადგილობრივებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, რას მოხმარდებოდა ეს ფული. პროგრამა, გარდა სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა, გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმა იყო, რომელიც მთავრობამ ისე გააუქმა, რომ მისი ალტერნტივა არ შეუქმნია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დახარჯული თანხები, ძირითადად, სოფლის გზების, გარეგანათების, საბავშვო ბაღების, წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებას ხმარდებოდა. პრიორიტეტულ პროექტებს კი მოსახლეობა სოფლის კრებაზე თავად ირჩევდა.
ამ პროგრამის ფარგლებში 2013 წელს გზებზე – 14,5 მილიონი ლარი; წყალმომარაგებაზე – 8,7 მილიონი ლარი; სარიტუალო სახლებზე – 5,5 მილიონი ლარი; საბავშვო ბაღებზე კი 3,6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2014 წელს – გზებზე – 13.7 მილიონი ლარი; წყალმომარაგებაზე – 9.5 მილიონი ლარი; სარიტუალო სახლებზე – 5,2 მილიონი ლარი და გარეგანათებაზე – 4.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
2015 წელს კი გზებს – 13.3 მილიონი ლარი; წყალმომარაგებას – 8.1 მილიონი ლარი; გარეგანათებას – 5.3 მილიონი ლარი და სარიტუალო სახლებს – 5,1 მილიონი ლარი მოხმარდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით ჩანაცვლდა, რასაც თვითმმართველობის ექსპერტები კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პარალელურად, რეგფონდით ზუსტად იმდენივე თანხა იხარჯებოდა წინა წლებში, რამდენიც მას შემდეგ, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდა. ანუ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის 50 მილიონის აკუმულირება არ მომხდარა. გარდა ამისა, რეგფონდით მსხვილი მუნიციპალური და ინტერმუნიციპალური პროექტები ფინანსდება. მისგან განსხვავებით კი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, უმთავრესად, სოფლის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება ხდებოდა.
გარდა ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს იყო კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი დასახლების საკითხების მოგვარებაში აქტიურად ჩართულიყო, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.
პროგრამის გაუქმებას, droa.ge-ს ინფორმაციით, ხელისუფლების შიგნითაც ცალსახად არ ემხრობოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილს მისი აღდგენის სურვილიც ჰქონდა. ამიტომაც გაჩნდა მოლოდინი, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ გათვალისწინებული იქნებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სოფლები მომდევნო წელსაც ამ პროგრამის გარეშე შეხვდებიან.
ამავე თემაზე გაეცანით სტატიას: სოფლები 8-წლიანი მხარდაჭერის შემდეგ – შეწყვეტილი პროგრამა