2018 წლისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში კვლავ 260 მილიონია გათვალისწინებული

1408

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი კვლავ 260 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა. ბიუჯეტის ამ მუხლში აკუმულირებული თანხები ხმარდება როგორც მუნიციპალურ და ინტერმუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე სტიქიებით გამოწვეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროცედურების და კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული მუნიციპალური და ინტერმუნიციპალური პროექტების დასაფინანსებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტეს, ჯამში, აღნიშნული პროექტებისთვის რეგფონდიდან 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რასაც თანადაფინანსებით მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაემატება. რეგფონდის დარჩენილი თანხა კი სტიქიებისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას მოხმარდება.