ახალციხეში წვიმის წყლისგან დაზიანებული კორპუსის ფასადს მომავალ წელს შეაკეთებენ

604

ახალციხეში, თამარაშვილის N33-ში, წლებია წვიმის წყალი ხუთსართულიანი კორპუსის კედელს აზიანებს. ადგილობრივების განცხადებით, მიზეზი, ბინის რეაბილიტაციის დროს არასწორად დამონტაჟებული ე.წ. ჟოლოფია. დაზიანებული კედლიდან ხშირად ცვივა ბათქაშიც, რაც ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნის. წვიმის წყალი შედის საცხოვრებელ სახლებშიც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მოსახლეობამ ახალციხის მერიას გასულ წელს მიმართა, შეგროვდა ხელმოწერებიც. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ია გოგოატიშვილი აცხადებს, პროექტი მზადაა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება.

მისივე თქმით, ფასადის აღდგენასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადარბაზოებსაც. რისთვისაც  80 000 ლარი დაიხარჯება.

ადგილობრივები შიშობენ, რომ მომავალ წლამდე კედელი უარეს მდგომარეობაში ჩავარდება. საფრთხე შეექმნება საყრდენ კედელსაც, რომელიც ყოველი წვიმის დროს წყლით იჟღინთება.