პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ამბობს, რომ უმკაცრესი რეაგირება მოხდება.
“ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება”, – წერს ღარიბაშვილი.
შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ცნობისთვის, ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.