ოცნების დეპუტატი ვაკის პარკზე: არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე

308

წინა სტატია

შემდეგი სტატია

არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას.

“ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდათ ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი, არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყვადეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც რეკონსგტრუქცია მიმდინარეობს, ბუნებრივია, შეიძლება, რაღაც ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის – ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხებით სერიოზულად?”, – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ამილახვარი.

შადრევანი, რომელმაც დღეს 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, დედაქალაქის მერიამ საზეიმოდ გუშინ გახსნა. ასევე, საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი მოზარდი. შიშის ნიადაგზე გამოწვეული სტრესის გამო კი, გარკვეული ტიპის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ცნობისთვის, ვაკის პარკის მცირე კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 6.5 მილიონი დაიხარჯა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.