ა(ა)იპ „ახალციხის ციხეს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ზაზა თამარაშვილი დაინიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას 11 ოქტომბრიდან შეუდგა.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, იგი ამ პოზიციაზე 2016-2018 წლებშიც მუშაობდა.
ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა პირადად წარუდგინა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრას მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე და ა(ა)იპ ახალციხის ციხის ყოფილი დირექტორი გიორგი ნათენაძე ესწრებოდნენ.
როგორც, ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, „ახალციხის ციხე“ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს და მისი მხარდაჭერა და განვითარება მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თავის მხრივ, ზაზა თამარაშვილმა გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს და თანამშრომლებთან ერთად, ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების იმედი გამოთქვა.
ზაზა თამარაშვილს, როგორც საჯარო სექტორში, ისე კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი ფოლკლორის მიმართულებით. 1996-2014 წლებში იყო სსიპ ქალაქ ახალციხის №6 საჯარო სკოლის დირექტორი, 2014-2016 წლებში ქალაქ ახალციხის მერის პირველი მოადგილე, 2016-2018 წლებში ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორი, 2018 წლიდან დღემდე კი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობდა.