საგარეჯოს მერია: მარიამჯვრის ნაკრძალთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციოდ 1.8 მილიონზე მეტი იხარჯება

353

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარიამჯვრის ნაკრძალთან მისასვლელი გზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მათივე თქმით, პროექტის ბიუჯეტი, რომელიც 4 კმ. გრძივი მეტრი გზის მოასფალტებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, 1 839 888 ლარს შეადგენს.

მერიის ცნობით, ახალი გზა  დააკავშირებს როგორც ვიზიტორებს მარიამჯვრის ნაკრძალთან, ასევე, ორ სოფელს – ანთოკს და მარიამჯვარს.

“პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მარიამჯვრის ნაკრძალის პოპულარიზაციასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მოსახლეობის საერთო სოციალურ ფონს – მოეწყობა საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები, რაც აუცილებელი პირობა გახდება ვიზიტორთა ზრდის ტემპიდან გამომდინარე და ხელი შეეწყობა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. სოფელ მარიამჯვარს აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ახლოს მდებარე სახელმწიფო ნაკრძალი, შერეული ტყის ფართობი ბუნებრივად ქმნის განსაკუთრებულ კლიმატს, რაც ბოლო პერიოდში სოფელში მუდმივად მცხოვრებეთა და ვიზიტორების ზრდას განაპირობებს. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის და ისეთი ტურისტულად სტრატეგიული ადგილის პოპულარიზაციისთვის, როგორიც მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალია,“ – აცხადებენ საგარეჯოს მერიაში.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სტრატეგიული მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურისტული შეთავაზების გაუმჯობესება, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.