საგარეჯოში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

379

საგარეჯოში, სოფელ ხაშმში, მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის თქმით, სახლ – მუზეუმის რეკონსტრუქცია და აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით ფინანსდება.

„ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა. ჩვენ კი ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ ერისა და მომავლის წინაშე, რათა საამაყო მწერლის სახელი უკვდავყოთ და თაობებს ისტორიად შემოვუნახოთ. ეს სახლ-მუზეუმი იქნება რეზო ინანიშვილის საცხოვრებელი სახლის პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად მიახლოებული შენობა, რათა გავაცოცხლოთ წარსული. მალე, ერთად, საზეიმო ვითარებაში გავხსნით სახლ-მუზეუმს და ეს იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა