მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხეში მშენებარე სპორტკომპლექსის აღჭურვისთვის, ფასებისა და საჭირო ინვენტარის მოწოდების ვადების დადგენისთვის ბაზრის კვლევას ატარებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ფონდის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ახალციხეში მშენებარე სპორტკომპლექსისთვის, რომლის მშენებლობაც ამ ეტაპზე შეჩერებულია, აღჭურვისთვის უნდა მოხდეს საოფისე ტექნიკის და ავეჯის, საცურაო აუზის და სპორტდარბაზის აღჭურვილობის შეძენა. არსებული ინფორმაციით, სპორტკომპლექსით სარგებლობა შეეძლება წყალბურთით, წყალში ხტომით, ცურვით, კრივით, ჭიდაობით, ტაიკვანდოთი და სპორტის სხვა სახეობებით დაინტერესებულ პირებს.
ბაზრის კვლევა 2022 წლის 9 სექტემბერს, 17:00 საათზე დასრულდება.
ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს მაისში დაიწყო, შეჩერებულია. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ კომპანიამ სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც რამდენჯერმე გააფრთხილეს, გეგმავენ შესაბამისი სანქციების გატარებასაც, თუმცა რას, ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
როდის განახლდება სპორტკომპლექსის მშენებლობა, ამ ეტაპზე, უცნობია.